logo
ENG



Newsweek: ირანის რეჟიმმა დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა

19 იან 202613:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/19/g9argss3om0q7x3.jpg

გამოცემა Newsweek-ის ცნობით, ირანის რეჟიმმა მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებზე დემონსტრანტების დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

ამ ინფორმაციას ის დიდი ბრიტანეთის ყოფილ პარლამენტარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც განუცხადა, რომ ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საპროტესტო აქციების დარბევის დროს, ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. ამაზე ის "სანდრო ანგარიშზე" დაყრდნობით საუბრობს.

"ადამიანები თვლიან, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული სახის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რამაც რამდენიმე დღის შემდეგ დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - უთხრა ბილ რამელმა GB News-ს.

Newsweek-ის ცნობით, მოგვიანებით ბილ რამელმა თქვა, რომ ინფორმაცია "ირანულ-ქურთული სანდო წყაროებიდან" მოდიოდა, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკის "გამორჩეულად მძიმე" ესკალაცია.

8 იანვარს, Iran International-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები აღმოსავლეთ ირანში, ქალაქ საბზევარში, მომიტინგეების წინააღმდეგ არატრადიციულ იარაღს იყენებენ.

***
ირანში საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (HRANA) აცხადებს, რომ აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.


close დახურვა