logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: თავისუფლება - მორჩილებისთვის "დამსახურება"

19 იან 202621:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/63i19qnb8p7d0l3.png

ნათლისღებას გილოცავთ!

იესო ქრისტეზე სულიწმინდის გადმოსვლის დღეს ნათლია-ნათლულების მიერ ერთმანეთის მოკითხვა, ტაძარში ნათლობების ფოტოები, ტელევიზორში - ცივ, ზოგან გაყინულ წყალში მორწმუნეთა შთანთქმით განბანვის კადრები... და ამ დღეს სახელმწიფოს მიერ გამოსავლენი სულგრძელობის შედეგად თავისუფლებაზე გამოსული პატიმრები...

არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნებოდა პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მცირე ნაწილის გასათავისუფლებლად.

მე არ ვიყავი იმ ადამიანთა რიგებში, რომელსაც ეს ოპტიმიზმი კვებავდა. სამწუხაროდ ასეც მოხდა. არც პოლიტიკური პროცესის და არც რეჟიმის ბუნება არ ქმნიდა წინაპირობას რაიმე სახის ოპტიმისტური მოლოდინისა. როგორც წესი, მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლების, მითუმეტეს რეჟიმის მიერ იდგმება დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შეთანხმების და დათმობების დემონსტრირებისთვის. ამ მხრივ ურთიერთობები არა უბრალოდ გაყინულია, არამედ მკვეთრად ნეგატიურ ფაზაშია გადასული, რომელსაც უკვე მტრულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. მეტიც პატიმრები ამ დაპირისპირებაში ჩვეულებრივი მძევლების როლს უფრო ასრულებენ და რეჟიმი მათ როგორც დასავლეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტს ისე უყურებს.

ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურ ჩიხში ვართ. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ივანიშვილი ვერ გრძნობს აუცილებლობას კომპრომისებზე წასვლის, საზოგადოებასთან დიალოგის დაწყების, რისი წინაპირობაც, ან შედეგი შეიძლება ყოფილიყო შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მონანიებისა და "თავზე ნაცრის წაყრის" გარეშე, თავისუფლებაზე გმირებად გამოსვლა კი ივანიშვილისთვის დასუსტებული წინააღმდეგობის მოძრაობის ახალი ლიდერებისა და სიმბოლოების გაჩენის პრიზმაში და შესაბამის შიშებში აისახება. რაც შეეხება ჰუმანისტურ მოტივაციას: ივანიშვილს და მის რეჟიმს ყველაფერი შეგიძლია დააბრალო ჰუმანიზმის გარდა. თანამოქალაქეების მტრებად მონათვლა, უცხო ქვეყნების აგენტებად და უსამშობლოებად, უღმერთოებად მოხსენიება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათი დეჰუმანიზება მოხდეს. დეჰუმანიზებული სუბიექტი აღარც ადამიანია, რომელსაც რაიმე უფლება აქვს და რომლის მიმართ ჰუმანიზმის გამოჩენის აუცილებლობაც გამქრალია.

ასეთია ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება... და ასეთია ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელთა მოქმედებაზე თუ დუმილზე დღეს ეს რეჟიმი დგას. თუკი შენ შეგიძლია თვალი დახუჭო უსამართლობის ისეთ მასშტაბზე, როგორიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და მის ისტორიას უკავშირდება: თუ შეგიძლია ჩვეულებრივ ამბად მიიღო ოთხი შვილის დედის, პოლიტიკოსი ქალის ელენე ხოშტარიას მრავალთვიანი პატიმრობა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბანერზე რაღაც წარწერა გააკეთა, თუ შეგიძლია ემპათია არ გაგიჩნდეს ახალგაზრდა ქალის მიმართ, რომელიც პუტინის დიქტატურას გამოექცა და აქ ქართულ ციხეში აუტანელი ტკივილებით იტანჯება, თუ ტვინში სისხლი არ არ გასხამს იმის წარმოდგენით, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში გაღებული ამხელა მსხვერპლის შემდეგ, შენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს სისხლის სამართლებრივად დევნიან და ციხეში უშვებენ.. შენთან ჰუმანიზმზე და მითუმეტეს შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის აუცილებლობაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. შენ აღარც მოქალაქე ხარ და სამწუხაროდ აღარც ქრისტიანული, ან ცივილიზაციის მიერ შექმნილი ნებისმიერი ეთიკის მატარებელი მოაზროვნე არსება. დილიდან, თოვლსა და ქარბუქში ციხეებთან მდგარი დედები, ივანიშვილის მდუმარე ყაველაშვილი, პარლამენტში ჩამოლაგებული ცინიკოსების კომენტარები, რომელთა ტონალობაშიც უნდა ამოგვეკითხა - რა ბედი ელით რეჟიმის ტუსაღებს და მთელი დღის ლოდინის შემდეგ კიდევ ერთხელ გაოცება თუ რა უკიდეგანო, სადიზმისკენ მიდრეკილი და ადამიანების ჩაგვრაზე სიამოვნების მიმღები ბოროტებაა დღეს საქართველოში გაბატონებული.

ეს არის დღევანდელი 19 იანვრის პირქუში პარადოქსი: ნათლისღების დღეს, როცა წყალი კურთხევად იქცა და კაცობრიობას სინანულისა და განახლების იდეა დაუმკვიდრა, სახელმწიფოს ხელში - შეწყალება დაცინვისა და შურისძიების ინსტრუმენტად გადაიქცა. რეჟიმმა ამ დღესაც გვაჩვენა, რომ მისთვის პატიმარი ადამიანი კი არა - სტატისტიკაა, მძევალია, შიშის იარაღია.

დღეს ხალხი ქრისტეს იხსენებს, მაგრამ ივანიშვილს "ნულოვან თანადგომაზე" მდგარი თავისი რელიგია აქვს, და როცა შეწყალება აღარ არის წყალობა, ის ხდება განაჩენი: ამ ქვეყანაში დღეს თავისუფლება აღარ არის უფლება - თავისუფლება არის "დამსახურება", რომელსაც რეჟიმი მხოლოდ მორჩილებისთვის გასცემს.

close დახურვა