შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"მე მჯერა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან"- თქვა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. თავდაპირველად მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს დღეს შეხვდება, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებთან კომენტარში დააზუსტა, რომ ოთხშაბათს, 17:00 საათის მდგომარეობით, პრეზიდენტი კიევში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპს საუბრისას ზელენსკისთან შეხვედრის დრო აერია. მათი ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა შედგეს, თუმცა არა - ოთხშაბათს.
