ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
მისი თქმით, ვენსის ვიზიტის მიზანია პროექტის "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ" (TRIPP) გაძლიერება.
"მე მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს იმ სამშვიდობო შეთანხმების ერთგულად შესრულებისთვის, რომელსაც გასული წლის აგვისტოში მოვაწერეთ ხელი. ეს იყო მძიმე ომი, ერთ-ერთი იმ რვიდან, რომლებიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა ჩვენ კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს.
თებერვალში ვიცე პრეზიდენტი ვენსი ეწვევა ორივე ქვეყანას, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ".
ჩვენ გავაძლიერებთ სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ მშვენიერ შეთანხმებას სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, დავდებთ შეთანხმებებს ჩვენი წამყვანი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანს მივაწვდით აშშ-ში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანჟილეტებს და სხვა საშუალებებს"- წერს ტრამპი.
