ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის („ტრამპის მარშრუტი საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) მარშრუტს, შესაბამისად ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის მისამართი არის სწორედ ორი ქვეყანა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ვერ მოხვდა საქართველო ვიზიტის დღის წესრიგში.
„ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით, როგორია ქართული–ამერიკული ურთიერთობის კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტულ გზამკვლევს ველოდებით. ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოთმინებით ველოდებით,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო ძალისხმევასა და „ტრამპის მარშრუტის საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას. TRIPP-ის სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი აშშ-ში 2025 წლის 8 აგვისტოს მოაწერეს.
