ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში რუსული როგორც მილსადენის გაზის, ისე თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ახალი წესები ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.
რეგულაციის თანახმად, აიკრძალება რუსული მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროკავშირში. აკრძალვა ძალაში შევა რეგულაციის გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებული კონტრაქტებისთვის იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეამცირებს გავლენას ფასებსა და ბაზრებზე. სრული აკრძალვა თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტზე 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენიდან იმპორტზე - 2027 წლის შემოდგომიდან.
ევროკავშირის ქვეყნები, გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე, ვალდებულნი იქნებიან, გაადაამოწმონ ქვეყანა, სადაც გაზი იქნა წარმოებული. ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება ჯარიმა გამოიწვიოს: მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5%, ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპია REPowerEU-ის მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების დასრულებას გულისხმობს.
ევროკომისია ასევე გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას 2027 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.
