უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პირადად შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი ძირითადი საკითხის მოსაგვარებლად – ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლი.
სიბიგას თქმით, ეს არის ორი ყველაზე სენსიტიური საკითხი, რომელიც სამშვიდობო პროცესში გადაუჭრელი რჩება.
„სწორედ მათ გადასაჭრელად არის პრეზიდენტი მზად, შეხვდეს პუტინს და განიხილოს ეს", - თქვა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ იგი ვერ ხედავს საკუთარი შეხვედრის საჭიროებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
„ჩვენ არ უნდა შევქმნათ პარალელური მცდელობები. არსებობს მოლაპარაკებების ჩამოყალიბებული გუნდები, რომლებშიც შედიან საგარეო უწყების წარმომადგენლები. დამატებითი ძალისხმევის შექმნა დროული არ არის და არც საჭიროებას წარმოადგენს", - განაცხადა სიბიგამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომლაპარაკებელმა გუნდებმა უკვე გამართეს დისკუსიები ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრებზე, ასევე ზავის მონიტორინგსა და ვერიფიკაციაზე.
