რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი აცხადებს, რომ “განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”. მის განცხადებას რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული TASS აქვეყნებს.
“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, - თქვა მან. ალექსეი ოვერჩუკი ასევე ამბობს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ერასხის რაიონს დააკავშირებს აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ისევე, როგორც აჰურიანის რაიონს თურქეთის რკინიგზასთან. რუსეთის ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ "მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხთა სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება".
