logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: „მონობის კონტრაქტი თუ თავისუფლების არჩევანი - უკრაინის ომის 4 წლის გაკვეთილი საქართველოსთვის“

22 თებ 202619:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/22/653h9a8q681dmjl.jpg

ოთხი წელი სრულდება რაც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ოთხი წელი - ერთი ადამიანის იმპერიული ავანტიურის კალენდარი, რომელმაც ევროპა გამოაღვიძა და უკრაინას ყოველდღიურ რეალობად უქცია ბრძოლა გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ ნანგრევებიდან კვლავ ააშენოს საკუთარი ქვეყანა.

პუტინის ომს ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა: უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დასავლეთის დამცირება. ოთხი წლის შემდეგ უკრაინა დგას, ევროპა იარაღდება, ნატო ფართოვდება. სამწუხაროდ, „შიშის პოლიტიკა“ ყველაზე მომგებიან ბიზნესად იქცა ავტორიტარებისთვის - მათ შორის საქართველოში.

კარგად გავიხსენოთ ომის ამოცანები: „კიევის სამ დღეში აღება“, მარიონეტული რეჟიმის დასმა, უკრაინის „დემილიტარიზაცია“, დასავლეთის გახლეჩა. 4 წლის თავზე რეალობა ასეთია: უკრაინელმა ხალხმა და სახელმწიფომ - ზელენსკის პერსონალური სიმტკიცის, პოლიტიკური ნების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შედეგად დაამტკიცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: თავისუფლება ლოზუნგი არ არის. ეს არის თანგანწირვა, მძიმე შრომა, დისციპლინა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

ევროპის კონტინენტზე მოხდა ის, რაც პუტინს ყველაზე ნაკლებად სურდა: უსაფრთხოება დაბრუნდა პოლიტიკის ცენტრში. ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდნენ. უკრაინამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დაიწყო გაწევრიანების მოლაპარაკებები. ხოლო პუტინი, რომელიც საკუთარ თავს „ისტორიის არბიტრად“ ასაღებდა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ იძებნება.

ომის პირველივე დღეებიდან, საქართველოში გაჩნდა ხალხი, უფრო ზუსტად კი ივანიშვილი და მისი მთავრობა, ვისაც ისე რომ, საზოგადოებისთვის კითხვა არც დაუსვამს და არც უფლება აუღია - ურცხვად ააფრიალა თეთრი დროშა. მას შემდეგ უკრაინელებს კაპიტულაციისკენ მოუწოდებენ, გმირობას, მათ შორის ქართველი მეომრების თავგანწირვას დასცინიან, მსხვერპლს „პიარის ნაწილად“ ნათლავენ. ზუსტად ეს ხალხი ომის პარაზიტულ-ეკონომიკურ ტალღაზე გამდიდრდა: შიშის კაპიტალიზება გადააქცია ხელისუფლების შენარჩუნების ტექნოლოგიად და ქვეყნის დემორალიზაციის ინსტრუმენტად.

როდესაც ისინი ამბობენ - „უკრაინას ომი უნდა აეცილებინა“ - დავფიქრდეთ, გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში: სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი მოშლა, მარიონეტული რეჟიმი, არმიის განიარაღება, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაუქმება, დემოკრატიაზე  და ევროპულ კეთილდღეობაზე უარის თმა. ეს არ არის მშვიდობა. ეს არის მონობის კონტრაქტი.

დავსვათ კითხვა მათთან, ვინც პროპაგანდის ნებაყოფლობით ტყვედ იქცა: თუ თავისუფალი ხალხის წინააღმდეგობას „არასწორ ნაბიჯად“ მიიჩნევთ, მაშინ რა არის ღირსება? რა შინაარსი აქვს თქვენს ლექსიკონში „პატრიოტიზმს“, „ქრისტიანობას“, „თავისუფლებას“, ,,თვითმყოფადობას“, ,,ადამიანის უფლებებს“, ,,წინაპართა ხსოვნას?’ თუ ყველაფერს „გადარჩენის“ სახელით ვთმობთ - ბოლოს რაღა გვრჩება გადასარჩენი?

ოთხი წლის თავზე ვითარება უკრაინაში კვლავ მძიმეა: მილიონობით დევნილი ევროპაში, მილიონობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. გამარჯვებამდე ჯერ შორია. მაგრამ ამ ოთხმა წელმა უკვე დაამტკიცა ერთი ფუნდამენტური რამ: სახელმწიფოები შეიძლება დროებით დასუსტდნენ, შეიძლება ტერიტორია დაკარგონ, შეიძლება მძიმე ფასი გადაიხადონ - მაგრამ როდესაც ერი არ თმობს თავისუფლების ნებას, იმპერია სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია.

დღეს ისტორია არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე იწერება, არამედ ჩვენს საზოგადოებრივ არჩევანშიც. არჩევანში შიშსა და ღირსებას შორის. არჩევანში კაპიტულაციასა და პასუხისმგებლობას შორის. უკრაინა ამ ოთხი წლის განმავლობაში იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი საზღვრებისთვის - ის იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ თავისუფლება გეოპოლიტიკური ფუფუნება კი არა, ერის არსებობის ფორმაა!

ვის და რის მხარეს ვდგავართ ქართველები - თავისუფლების, თუ შიშის პოლიტიკის? ღირსების, თუ კომფორტული მონობის?

უკრაინელებს - გამძლეობა. თავისუფალ სამყაროს - უფრო სწრაფი და უფრო გაბედული მობილიზება.

და ჩვენ, ქართველებს - ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, რომ როდესაც მომდევნო გამოცდა დაგვიდგება, დანებებისთვის საბაბი კი არ ვეძებოთ, არამედ ძალა წინააღმდეგობისთვის. რადგან საბოლოოდ გამარჯვებას წყვეტს არა ის, ვის მეტი იარაღი აქვს, არამედ ის - ვისაც თავისუფლება არ ეთმობა!


close დახურვა