შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
განცხადების თანახმად, პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი - სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.
სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
