ავსტრალიამ ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ მოთამაშეს ჰუმანიტარული ვიზა მიანიჭა მას შემდეგ, რაც მათ თავშესაფარი ითხოვეს. ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში დევნის შიში აქვთ, რადგან აზიის თასის მატჩზე ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალიელები „ამ მამაცი ქალების მდგომარეობამ შეძრა“. მისი თქმით, პოლიციამ მოთამაშეები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოიყვანა და ისინი ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფებიან.
„ისინი აქ უსაფრთხოდ არიან და უნდა იგრძნონ, რომ ეს ქვეყანა მათი სახლია“, – განაცხადა ალბანეზემ.
ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ავსტრალიის მთავრობის ნაბიჯი შეაქო და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ მზად არის მოთამაშეები მიიღოს.
ავსტრალიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჰუმანიტარული ვიზა მიიღეს ფეხბურთელებმა: ზაჰრა სარბალი ალიშაჰმა, მონა ჰამოუდიმ, ზაჰრა განბარიმ, ფატემე პასანდიდეჰმა და ატეფე რამეზანიზადემ. ისინი ამჟამად პოლიციის დაცვის ქვეშ, დაუდგენელ ადგილას იმყოფებიან.
ალბანეზეს თქმით, დახმარება შესთავაზეს ირანის ნაკრების სხვა მოთამაშეებსაც, რომლებიც ამჟამად ავსტრალიაში იმყოფებიან, თუმცა გადაწყვეტილება მათზეა დამოკიდებული.
