რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვას იძლევა. ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეების დაცვას უცხო ქვეყნებისა თუ საერთაშორისო სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში.
კანონპროექტის თანახმად, შეიარაღებული ძალების ფორმირებების წარგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.
როგორც რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს ისედაც აქვს უფლება, გამოიყენოს არმია მათი პირდაპირი დანიშნულებისგან განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად. თუმცა, ახალი ინიციატივა კონკრეტულად აზუსტებს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებას - გამოიყენოს ჯარი იმ რუსი მოქალაქეების დასაცავად, რომელთა მიმართაც უცხოური თუ საერთაშორისო სასამართლოები დევნას ახორციელებენ.
კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ეს დებულება აუცილებელია რუსეთის მოქალაქეების უფლებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევებში, როდესაც მათ საზღვარგარეთ დაპატიმრება ან სხვა სახის იურიდიული დევნა ემუქრებათ.
