logo
ENG



პატრიცია გრჟებიკი: დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები

24 მარ 202619:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/24/gbkhchbyzrfw6ob.png

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი „ოცნების“ მთავრობას ადამიანის უფლებების მკვეთრი გაუარესების გამო აკრიტიკებს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. გამოჩენილ პოლონელ ექსპერტს „ფორმულა“ ესაუბრა.

ვარშავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი „ოცნებას“ მოუწოდებს, გააუქმოს რეპრესიული კანონები და „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“. ექსპერტი საერთაშორისო პარტნიორებს ახსენებს, რომ შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად:

ჟურნალისტი: ანგარიშში დეტალურად არის გაანალიზებული საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მათ შორის ფაქტების დადგენის პროცესში გამოვლენილი ყველაზე მწვავე გამოწვევების მიმოხილვით. კერძოდ, რა საკითხები გამოიკვეთა, როგორც ყველაზე კრიტიკული ხასიათის პრობლემა?

პატრიცია გრჟებიკი: ანგარიშის მიზანი იყო ადამიანური განზომილების კუთხით არსებული ძირითადი პრობლემების ასახვა. მე შევძელი (დოკუმენტების ანალიზის, მოწმეებთან ინტერვიუებისა და წერილობითი ჩვენებების შესწავლის გზით) იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობის განმეორებად მოდელს. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს წამების ნიშნები აღენიშნებოდათ, ძალადობის დონე და მასშტაბი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

ანგარიშში ასევე მივუთითე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უკიდურესად ზღუდავს შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. ეს შეზღუდვები, კერძოდ, ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის გაფართოებით იქნა შემოღებული. ასევე შევნიშნე კოორდინირებული მოქმედებები ოპოზიციის აღმოსაფხვრელად სამართლებრივი დევნის (სისხლისსამართლებრივი და კონსტიტუციური პროცესების) გზით; ასევე, ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტების იგნორირება და სრული დაუსჯელობის კულტურა იმ შემთხვევებში, როდესაც მსხვერპლი ოპოზიციის წევრია.

ადვოკატებმა, რომლებსაც ვესაუბრე, მიუთითეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე როგორც რიგითი მომიტინგეების, ისე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივედი დასკვნამდე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, რადგან ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და პოლიტიკური პლურალიზმის გარანტიები. ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება ასევე უკავშირდებოდა ჟურნალისტების სამუშაო პირობებს, რომლებზეც დემონსტრაციების დროს თავდასხმა მხოლოდ მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო ხდებოდა.

ჟურნალისტი: როგორ უკავშირდება ეს დასკვნები საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)?

პატრიცია გრჟებიკი: ჩემი ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც რეკომენდაციებს ეხება, მე მივუთითე მესამე ქვეყნების ეროვნულ სისტემებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე. ეს აშკარა მიზეზების გამო გავაკეთე - რადგან ანგარიშში ასახული მაქვს დევნისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რომლებმაც შესაძლოა წამების ზღვარს მიაღწიოს. ჩემი მისიის მოკლევადიანობის გამო მე ვერ შევძელი ძალადობის სრული მასშტაბის დადასტურება, თუმცა ის ფაქტი, რომ თვით ომბუდსმენიც კი საუბრობდა „ძალადობის განმეორებად მოდელზე”, მაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შემდგომი გამოძიების ჩატარება და იმის შესაძლებლობა, რომ ეს დარღვევები კლასიფიცირდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

საქართველო, ისევე როგორც 1984 წლის „წამების წინააღმდეგ კონვენციის“ სხვა მონაწილე სახელმწიფოები, ვალდებულია აღკვეთოს წამება და დასაჯოს დამნაშავეები. სწორედ ამიტომ, მათ შეუძლიათ განიხილონ უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება ან სიტუაციის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, თუ სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ პოტენციური დანაშაულების მასშტაბი (დევნისა და სხვა არაადამიანური ქმედებების ჩათვლით) იძლევა საფუძველს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სასაუბროდ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მე არ გამომიყენებია მოწოდება და არ დამიწერია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს ეს საქმეები. მე უბრალოდ გავაცხადე აშკარა ფაქტი, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, შესაძლოა მოექცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ და რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ერთ-ერთი გზა საქართველოში მომხდარი დარღვევების განსახილველად. იგივე ეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მოვუწოდე მათ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანისკენ, არამედ მხოლოდ შევახსენე, რომ 1984 წლის კონვენცია შეიცავს სასამართლო დათქმას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების პოტენციურ დარღვევებზე რეაგირებისთვის.

ცხადია, ორივე საერთაშორისო სასამართლოს შემთხვევაში, არა მხოლოდ იურისდიქცია და საქმის დასაშვებობა უნდა შეფასდეს, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავად საქართველოს მცდელობებს, საბოლოოდ დასაჯოს დამნაშავეები. მე ხაზი გავუსვი საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმებს, მხედველობაში მქონდა რა მომიტინგეებისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული დარღვევების დაუსჯელობის გაბატონებული პრაქტიკა და მესამე სახელმწიფოების ვალდებულება, აღკვეთონ საერთაშორისო დანაშაულები, მათ შორის წამება.

ჟურნალისტი: როგორ აფასებთ „ქართული ოცნების” მთავრობის მცდელობებს მოახდინოს ანგარიშის დისკრედიტაცია და ის „პოლიტიკურად მოტივირებულად” გაასაღოს?

პატრიცია გრჟებიკი: ეს ჩემი ანგარიშისთვის არარელევანტურია. მე მხოლოდ იმის ხაზგასმა შემიძლია, რომ ჩემი ანგარიში სათანადოდ არის დოკუმენტირებული და თითოეული ფაქტი თუ მტკიცება სათანადოდ არის დამოწმებული. მე დავინიშნე დამოუკიდებელ ექსპერტად და ჩემი საქმე საუკეთესოდ შევასრულე, როგორც შემეძლო.

ჟურნალისტი: რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უწყებები არ გაითვალისწინებენ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს?

პატრიცია გრჟებიკი: ეს კითხვა სახელმწიფოებს ეხება და არა მე. როგორც ექსპერტმა, მე დავასრულე ჩემი მუშაობა და ახლა სახელმწიფოებისა და ეუთოს (OSCE) გადასაწყვეტია, განახორციელებენ თუ არა ანგარიშში მითითებულ რეკომენდაციებს და რა ფორმით.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს შესახებ 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, ბრალდებებს საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ქიმიური აგენტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გააუქმოს ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მოუწოდებს, „უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები". ანგარიშში "რომის წესდებაზე" ხაზგასმით წერია, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).


close დახურვა