logo
ENG



ოცნების დელეგაციის მიწვევის შემდეგ, კონგრესმენმა ლუნამ რუსეთის დუმის დეპუტატებს უმასპინძლა

27 მარ 202613:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/3jssq5mi2khbgxn.jpg

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის შემდეგ, ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პულინა ლუნამ ვაშინგტონში რუსეთის სახელმწიფო დუმის სანქცირებულ დეპუტატებს უმასპინძლა.

რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატებთან შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებინებს კონგრესმენი მათ კაპიტოლიუმის შენობას.

ვაშინგტონში ჩასულ რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი - ვიაჩესლავ ნიკონოვი, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი სვეტლანა ჟუროვა და დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსანდრ ჩერნიშოვი. სამივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა რუსული ოკუპაციის მხარდაჭერისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მათი როლის გამო.

ქართული ოცნების პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო მედია TV Imedi-მა დაწერა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა - "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მოწვევით" ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებოდნენ, რომელსაც სახელად - "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია.

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის შორის "სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას". ის მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას - ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა.

აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ფორმულას სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ “განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.


close დახურვა