„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ პენტაგონი ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გამოცემა საკუთარ წყაროებად აშშ-ის ოფიციალურ პირებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერაზე.
გამოცემის თანახმად, მომზადების პროცესზე მიუთითებს ასევე ის ფაქტი, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 10 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს. თუ აღნიშნულ გეგმას პრეზიდენტი დაამტკიცებს, ეს შეიძლება კონფლიქტის ახალ ეტაპად იქცეს, რომელიც, შეფასებით, აშშ-ის სამხედროებისთვის გაცილებით უფრო რისკიანი იქნება, ვიდრე მიმდინარე ოპერაციის პირველი ოთხი კვირა.
მანამდე, 27 მარტს, გამოცემა „აქსიოსმაც“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყებოდა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი 10 000 ჯარისკაცის შესაძლო გაგზავნის შესახებ. გამოცემა აღნიშნავდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რეგიონში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც კიდევ ერთ სიგნალად განიხილება იმისა, რომ ირანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება სერიოზულ ფაზაში შედის.
