logo
ENG



მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი პრორუს დეპუტატებთან ერთად თბილისში იმყოფება

02 აპრ 202613:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/02/0x4d89o521udoto.png

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად თბილისში იმყოფება.

დოდონის ინფორმაციით, იგი საქართველოს დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს, როგორც მოლდოვა–საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი. მისი თქმით, ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით ხორციელდება.

მისივე განცხადებით, დელეგაციას ხელმძღვანელობს ამავე მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სოციალისტური პარტიის დეპუტატი ბოგდან ტირდეა. ჯგუფში ასევე შედიან სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები.

დოდონის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლდოვა–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე საუბარია შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა ფრაქციის წევრებთან.

მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია მოლდოვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების მოძიება, მათ შორის საპარლამენტო დონეზე.

ამასთან, მოლდოვური ორგანიზაცია WatchDog.MD-ის ხელმძღვანელმა ვალერიუ პაშა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიზიტის პროგრამის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დელეგაციის ვიზიტი რამდენიმე დღეს გასტანს და მოიცავს შეხვედრებსა და პარლამენტის ტურს. პაშა კრიტიკულად აფასებს ვიზიტს და აღნიშნავს, რომ დელეგაციის წევრების ნაწილი პრორუსული შეხედულებებით არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა და ხშირად გამოირჩევა პრორუსული პოზიციებით. თბილისში ჩამოსვლამდე იგი მოსკოვში იმყოფებოდა.

საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.


close დახურვა