რუსეთი მზადაა, განავითაროს ურთიერთობები უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს ახალი მთავრობა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, თუ ურთიერთობები იქნება თანასწორი და ორმხრივად მომგებიანი.
„ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ ურთიერთობები უნგრეთის ახალ მთავრობასთან. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ესმის ამ ხელისუფლებას საკუთარი ეროვნული ინტერესები,“ - განაცხადა ლავროვმა ტელეკომპანია „ვესტისთან“ ინტერვიუში.
ამასთან, მან თავი შეიკავა წინასაარჩევნო განცხადებების შეფასებისგან და აღნიშნა, რომ რუსეთი ყურადღებას კონკრეტულ ქმედებებზე გაამახვილებს: „გვირჩევნია ვიხილოთ რეალური ნაბიჯები. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მხარესთან, თუ ეს იქნება ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებული ურთიერთობა.“
