რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების კანონს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“.
მანამდე, დოკუმენტი, რომელსაც 9 მაისს პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი, 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.
შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფეროების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასევე თანხმდებიან ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, კანონმდებლობის დაახლოებასა და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
