logo
ENG



ურეკავდნენ ძირითადად პენსიონერებს, დაეუფლნენ 125 000 ლარს - 2 ადამიანს ბრალი წარედგინა

16 აპრ 202614:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/16/1k8ux36dxk7lirw.png

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს 125 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის განცხადებით, ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ.

თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებისგან პერსონალურ მონაცემებს იგებდნენ. შემდგომ თაღლითური ჯგუფის წევრები, კვლავ უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და განუმარტავდნენ მათ, რომ პერსონალური მონაცემების "უცხო" პირისთვის გაზიარება გამოიწვევდა მათ ფინანსურ დაზარალებას. რისკის თავიდან ასაცილებლად და "დამრღვევთა" გამოსავლენად კი, თითქოს აუცილებელი იყო, დაზარალებულებს სრულად გადაეცათ მათი წარმომადგენლებისათვის ფინანსური დანაზოგი "ქეშის" სახით და სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების შემდეგ კი თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია უწყების განცხადებაში.


close დახურვა