რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი აცხადებს, რომ დასავლეთში რუსეთის მიმართ შიშის ფაქტორი შემცირებულია და მხოლოდ განცხადებები და მუქარა შედეგს აღარ იძლევა. ამის შესახებ მან საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.
მისი თქმით, ვითარების შესაცვლელად საჭიროა „დამაჯერებელი ქმედებები“, რადგან, როგორც აღნიშნავს, „დრო დაკარგულია“ და არსებული ტემპი საკმარისი აღარ არის.
„დასავლეთში ჩვენი სიტყვების აღარავის ეშინია. სიტყვებისა და მუქარის რესურსი ამოწურულია. სანამ რაიმე დამაჯერებელს არ გავაკეთებთ, არაფერი შეიცვლება. თანაც ახლა ჩვენი ძალის ერთი-ორი დემონსტრაციაც აშკარად საკმარისი აღარ იქნება. დრო დაკარგულია. საერთოდაც ბევრი დრო დავკარგეთ. საჭიროა დაჩქარება. ამჯერად, თუ კომპრომისზე წავალთ, არც კი დაგვიტოვებენ იმის ილუზიას, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. მტერს მხოლოდ ჩვენი კაპიტულაცია და სრული სტრატეგიული დამარცხება დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეს დამარცხება, არამედ ისიც, რომ დამარცხებულმა მხარემ ეს თავად აღიაროს.
ჩვენს ხელმძღვანელობას სჭირდება გამოფხიზლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება და ისტორიულ მომენტსაც აცნობიერებს. საჭიროა მასთან ადამიანურად მოპყრობა - არ უნდა მოვიტყუოთ, უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ხედავს სიტუაციას და თავიდანვე ავუხსნათ - რატომ არის ომი, საიდან მოდის და რა ფასი აქვს ამ ყველაფრის.
და, რა თქმა უნდა, საჭიროა დასავლეთზე სერიოზული, ხმამაღალი კრიტიკის შეტევა. არა ირონიული კომენტარები, არამედ მასშტაბური შეტევა. ჩვენ ვომობთ მთელი დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, მისი ისტორიული განვითარების შედეგის წინააღმდეგ. ამ ომში ჩვენ, რუსეთი, ვართ ცალკე, თვითმყოფადი ცივილიზაცია, რომელსაც ქრისტიანული და ბერძნულ-რომაული ფესვები აქვს, ხოლო დასავლეთი ამ ფესვებს დაშორდა და თანამედროვე, დეგრადირებულ ცივილიზაციად იქცა.
ჩვენ ვართ შემაკავებელი ძალა, ხოლო ფრონტის მეორე მხარეს არა უბრალოდ მოწინააღმდეგეები, არამედ ბოროტების ძალებია. ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს - მოსწავლიდან ბიზნესმენამდე და აკადემიკოსამდე. ყველაფერი ძალიან სერიოზულია. საფრთხეშია არა მხოლოდ სამშობლო, არამედ მთელი კაცობრიობა. თუმცა ჩვენთვის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს - რუსეთის გარეშე მსოფლიო ვერ იარსებებს. რა საჭიროა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?" - წერს დუგინი.
