logo
ENG



სტარმერი, მაკრონი დამელონი „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე სროლას ეხმაურებიან

26 აპრ 202614:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/26/j8dj0xha6gn0tkt.png

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს მომხდარ სროლის ინციდენტს კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯია მელონი გმობენ და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერას გამოხატავენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტს, პირველ ლედის, ვიცე-პრეზიდენტსა და ღონისძიებაზე მყოფ ყველა პირს.

„მინდა გამოვხატო ჩემი სრული სოლიდარობა და გულწრფელი თანადგომა პრეზიდენტ ტრამპის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და ყველა იქ მყოფის მიმართ, რაც გუშინ ღამით მოხდა. არანაირ პოლიტიკურ სიძულვილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ჩვენს დემოკრატიებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცე. დისკუსიის კულტურის დაცვა უნდა დარჩეს დაუძლეველ ბარიერად ნებისმიერი არატოლერანტული გადახრის წინააღმდეგ", - წერს მელონი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავდასხმას „მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა:
„შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც გასულ ღამეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე იყო მიმართული, მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს.“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კი განაცხადა, რომ შოკირებულია ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებით:
„შოკირებული ვარ იმ კადრებით, რაც ღამით ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე ვიხილეთ. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე უნდა დაიგმოს უმკაცრესი ფორმით. დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა.“

ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.


close დახურვა