ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართველი სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის საქმეზე, რომელიც ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დაჯარიმებას ეხებოდა, დარღვევა არ დაადგინა.
სტრასბურგის სასამართლოს მომჩივანი სთხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას.
"ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
"მილაძე საქართველოს წინააღმდეგ", - ასე ჰქვია საქმეს, რომელიც 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", მათ გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გაავრცელეს.
"დღეს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ვკითხულობთ:
ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.
დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული, მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია, რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.
საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი.
სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს კონტენტის წაშლა, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა.
2023 წლისგან განსხვავებით (ამ საქმეში სასამართლომ სწორედ 2023 წლის კონტექსტზე იმსჯელა), დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისით, სადაც, გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა. მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება დროის გარკვეულ მომენტში შსს-სათვის რუტინად იყო ქცეული 2025 წელს. პირებს ეფარდებოდათ, არა მარტო, მაღალი ოდენობის სანქცია, არამედ, პატიმრობაც კი. სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე", - ამბობს საია.
