logo
ENG



საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დამოუკიდებლობა ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს

26 მაი 202610:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/uxa33a9v9594aoh.png

"საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 108 წლის წინ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და ქართველი ხალხის ისტორიულმა არჩევანმა საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს და განსაზღვრა საქართველოს დასავლური მისწრაფება.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

ამასთან, "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" აღნიშნავს, რომ პროფესიონალური, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და კომპეტენციაზე დაფუძნებული დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

"26 მაისი საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა! 108 წლის წინ ქართველი ხალხის მიერ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და ისტორიულმა არჩევანმა შეექმნა თავისუფალი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, განსაზღვრა თანამედროვე საქართველოს დასავლური მისწრაფება.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო არენაზე სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის იმიჯის დასამკვიდრებლად. ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გაძლიერება, ნაცვლად იზოლაციისა და კონფრონტაციისა.

პარტიული გავლენებისგან თავისუფალი, კომპეტენციაზე დაფუძნებული და მდგრადი დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს. ქართული დიპლომატიის ვალდებულებაა კეთილსინდისიერად, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით უწყვეტად ზრუნავდეს ეროვნული ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, ასევე, საგარეო პოლიტიკის იმ გაცხადებული მიზნების განხორციელებაზე, როგორიცაა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებლობა არ არის თავისთავადი მოცემულობა. ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომლის შენარჩუნება ყოველდღიურ ძალისხმევას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებასა და თავდადებულ შრომას მოითხოვს.

სახელმწიფოს გარშემო სამოქალაქო ერთიანობა და კონსტიტუციით გამყარებული ღირებულებებისადმი ერთგულება შექმნის საფუძველს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ერებს შორის მისი ადგილის დამკვიდრებას.

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა