გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამ საქმეზე ბრალდებული პოლიციელები არიან: ალექსი ბადალოვი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, გიორგი ზაკო წკრიალაშვილი, საბა წაველიძე, ალეკო თოფჩიშვილი, ვანიკო მისირელი.
პროკურატურა მათ სასახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება - მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
27 მაისს „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. დააკავეს 6 სამართალდამცავი.
