კრემლმა გამოაქვეყნა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი ქვეყნის ლიდერის განცხადება სომხეთთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობიან. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"ვიზიარებთ პოზიციას, რომ აუცილებელია სომხეთის რესპუბლიკაში რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის საკითხზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია:
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევრაზიული სამთავრობათაშორისო საბჭოს წევრებმა ბელარუსის რესპუბლიკიდან, ყაზახეთის რესპუბლიკიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან 2026 წლის დეკემბერში ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე წარადგინონ ანგარიში იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებას".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერევანის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადება მნიშვნელოვან რისკებს ქმნის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.
"ჩვენ, ბელარუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არსებითი რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებასთან, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილების აუცილებლობის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევრაზიული სამთავრობათაშორისო საბჭოს წევრებმა აღნიშნული ქვეყნებისგან 2026 წლის დეკემბერში ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შესაძლო შეჩერების შედეგებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
29 მაისს ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტი გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მას არ დაესწრო. მისი არყოფნის მიზეზად დასახელდა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, რომელიც 7 ივნისს ჩატარდება. მის ნაცვლად ასტანაში ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, კავშირის ოთხი ქვეყნის ლიდერმა გრიგორიანს გადასცეს განცხადება ერევანის ევროკავშირისაკენ სწრაფვის საკითხთან დაკავშირებით.
