რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის დაიბარეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
"სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი, ს.პ. კოპირკინი, მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობისთვის საზიანოა", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, კრემლმა გამოაქვეყნა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი ქვეყნის ლიდერის განცხადება სომხეთთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობიან. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"ჩვენ, ბელარუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არსებითი რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებასთან, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილების აუცილებლობის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევრაზიული სამთავრობათაშორისო საბჭოს წევრებმა აღნიშნული ქვეყნებისგან 2026 წლის დეკემბერში ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შესაძლო შეჩერების შედეგებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
