ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ადვოკატის თქმით, რცხილაძისთვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ვინაიდან ის დაკავებამდე გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ.
გულბაათ რცხილაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებას ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
"გუშინ დააკავეს, მოსამართლის განჩინებით მივიდნენ. როდესაც სუს-ის შენობაში გადაიყვანეს, ვინახულე, საქმის მასალებსაც გავეცანი, ბრალი ხვალ უნდა წარუდგინონ. რაც თქვეს, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ედავებიან, საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი.
ბრალს ბუნებრივია, არ აღიარებს, სასამართლო განხილვებზე შევეცდებით სიმართლე დავამტკიცოთ. ეს ადამიანი საჯარო ფიგურა იყო, კონფერენციებს მართავდა, „ობიექტივზეც“ გადაცემა მიჰყავდა, თავის საქმიანობის შესახებ ყველაფერს საჯაროდ ჰყვებოდა, არც წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასთან და მისი საქმიანობა ჯაშუშური ქმედება რანაირად გამოდის, ვერ ვხვდები", - განაცხადა ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან".
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი დაკავების შესახებ სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.
საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას", - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა. 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც" შეიქმნა. უცნობია, მისი დაკავების შემდეგ, დაიწყებს თუ არა საბჭო მუშაობას.
