უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, უკრაინამ გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 300 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, თითქმის 1 560 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გამოიყენა. მისი თქმით, დარტყმების სამიზნე ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ობიექტები იყო.
„ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა რუსული ტერორისგან დაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. გუშინ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანადგარი. მადლობას ვუხდით გერმანიას ადამიანების დაცვის საქმეში მუდმივი წვლილისთვის. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის წყალობით ათასობით სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო შეტევების მოგერიება ეფექტურად შეძლოს.
მანამდე ზელენსკიმ წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპი, და ამერიკელ კონგრესმენებს, სადაც საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება.
