logo
ENG



უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი ნავთობსადენების საკვანძო ობიექტს დაარტყა

31 მაი 202619:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/31/kgdz4ieupom5opg.png

უკრაინული მედიის ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა, კვირას ღამით, დაარტყეს რუსეთის კიროვის ოლქში მდებარე მსხვილი ნავთობსადენის მძლავრ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურს, ასევე როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზას.

უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ კიროვის ოლქში მდებარე "ლაზარევოს" ხაზობრივი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური (ЛПДС), რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1200 კილომეტრითაა დაშორებული, ნავთობსადენ "სურგუტ–პოლოცკის" ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. ამ მარშრუტით ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან ნავთობი ბალტიის ზღვის პორტებში - პრიმორსკსა და უსტ-ლუგაში, ასევე ბელარუსში გადაიზიდება. სადგური ასევე დაკავშირებულია მაგისტრალური ნავთობსადენის "დრუჟბას" სისტემასთან, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს სწრაფად გადაზიდოს ნავთობი რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ორ უმსხვილეს ნავთობსადენს შორის.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის კიროვის ოლქში უპილოტოებმა შეუტიეს "ლაზარევოს" ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურს, რომელიც შექმნილია ნავთობის ტრანზიტისთვის რუსეთის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით.

შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების კიდევ ერთი სერიის დროს, სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა ასევე დაარტყეს ნავთობბაზა "აგროპროდუქტს" როსტოვის ოლქის დაბა მატვეევ კურგანში.

ეს ობიექტი უკრაინის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს და მოიცავს დიდ რეზერვუარებს, საავტომობილო და სარკინიგზო ჩამოსასხმელ ტერმინალებს, ასევე სატუმბ სადგურს.

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლების თქმით, "მტრის ნავთობგადამამუშავებელი და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დაზიანება ამცირებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ."


close დახურვა