სომხური მედიის ინფორმაციით, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" ლიდერობს. ფაშინიანის პარტიამ წინასწარი ლიდერობა სომხეთის 2005 საარჩევნო უბნიდან 110-ში მოიპოვა.
მედიის ცნობით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 2.35%-ი.
ამ მონაცემების მიხედვით, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" ხმების 57.36%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი "ძლიერი სომხეთი" 21.55%-ით.
მანამდე, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, შედეგების თანახმად, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარადგინა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ -"სამოქალაქო შეთანხმება" – 330 ხმა მოიპოვა, 13-13 ხმა მოიპოვეს ბლოკმა "ძლიერი სომხეთი" და პარტიამ "ერთიანობის ფრთები"
არჩევნებში მონაწილეობდა 18 პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მინიმუმ 4%-იანი, ხოლო ბლოკებს 8%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.
