logo
ENG



იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესი

08 ივნ 202616:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/dq6p49qp1nqxfsk.png

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს. საკანონმდებლო პაკეტი საპროცედური კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ერთ-ერთი საკითხი შეეხება პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესს არეგულირებს.

პაპუაშვილის განცხადებით, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გამოცხადდება, რომელი სუბიექტის კვოტით არჩეულ წევრზეც გამოცხადდა ვაკანსია, ის სუბიექტი პირდაპირ შეარჩევს სასურველ ერთ კანდიდატურას და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, პარლამენტს ენიშნება მეურვე შესარჩევი კომისიის სახით და საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პროცედურებს გარე ჩარევების გარეშე ვერ ადგენს.

მისი თქმით, საზმაუს მეურვის არჩევის პროცედურა დაახლოვდება საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან – საპარლამენტო სუვერენიტეტთან.

"ეს პროცედურაც დავაახლოოთ საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან, საპარლამენტო სუვერენიტეტთან და პარლამენტმა ჩვენივე პროცედურებით ჩვენ თვითონ ვმართოთ. ამიტომ შემოთავაზება არის ასეთი: იყოს პროცედურა, რომ თუკი არის ვაკანსია, რომელიც სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც არის ეს ვაკანსია, იმ სუბიექტმა თავად, როგორც უნდა, ისე შეარჩიოს. შეუძლია, კონკურსი ჩაატაროს, რაც უნდა, ის ქნას, უმრავლესობა იქნება, ოპოზიცია, სახალხო დამცველი თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობაში ამ სუბიექტმა წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა. თქვას, რომ აგერ არის ვაკანსია, რომელზეც გათვალისწინებულია, რომ მე მაქვს უფლება კანდიდატის დასახელების და აგერ ვასახელებ ამ კანდიდატს და არა სხვების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან  სამს და კიდე შენ აირჩიე იმ სამიდან რომელი იყოს, როდესაც თავად ამ სუბიექტმა ალბათ იცის, იმ სამიდან რომელია მისთვის ყველაზე მისაღები", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეაფასებს და შემდეგ კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისსაყრელად წარდგება.

პარლამენტი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში მიღებას გეგმავს.


close დახურვა