უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე რამდენიმე სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.
გენშტაბის ცნობით, 8 ივნისს და 9 ივნისის ღამეს განხორციელებული დარტყმების შედეგად, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, პროხოროვკის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი დაზიანდა. ძლიერი აფეთქების შესახებ მანამდე რუსთში მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში იუწყებოდნენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, დარტყმები ასევე განხორციელდა მოწინააღმდეგის მართვის პუნქტებზე დონეცკის ოლქის ნიკოლსკოესა და შევჩენკო პერვოეს რაიონებში, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ნაუმოვკასა და კურსკის ოლქის ისკრას დასახლებებში.
გენშტაბის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა რუსული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებზეც, რომლებიც დონეცკის ოლქის შევჩენკო პერვოეში, ზაპოროჟიეს ოლქის ზალიზნიჩნოესა და ხერსონის ოლქის ოლეშკებში მდებარეობდა.
რუსულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
