ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
კოშტას თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნას, ამის შესახებ კოშტამ სოციალურ ქსელში დაწერა.
კოშტას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის, სიმამაცისა და ერთგულების აღიარებაა, მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.
კოშტა აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირის გაფართოება საერთო ევროპულ ინტერესს წარმოადგენს.
"დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ.
ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნას.
ორშაბათს დაგეგმილ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გავხსნით „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერს - ეს არის გაწევრიანების პროცესის ხერხემალი, რომელიც ეფუძნება იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული: კანონის უზენაესობიდან დაწყებული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დასრულებული.
ეს არის აღიარება იმ მონდომების, სიმამაცისა და შრომის, რომელიც ორივე ქვეყანამ რეფორმების წინსვლისთვის გამოიჩინა, მიუხედავად უმძიმესი გამოწვევებისა.
ამავდროულად, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობები შეუდარებელია.
გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.
როდესაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უფრო ვაახლოებთ, ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელი ევროპის კონტინენტზე.
მსოფლიოში, სადაც დაძაბულობა იზრდება, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენი საერთო ინტერესია.
გაფართოება კვლავ რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში", - წერს კოშტა.
