logo
ENG



კალაძე პოლიციელთა ძალადობაზე: ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია

13 ივნ 202613:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/hhbkw2g7dpci12e.png

"ქართული ოცნების" მერი კახა კალაძე ნოდარ მელაძის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფაქტი ძალიან ცუდია და კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება.

კალაძის შეფასება, რომ მომხდარს მყისიერი რეაგირება მოჰყვა არ შეესაბამება სამართალდამცავი უწყებების განცხადებას, ვინაიდან შსს-ს ინფორმაციით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს. 

შსს-ს ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

"ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული.

აქ არის მეორე სამწუხარო თემა, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება. მიზეზს, მგონი, ყველა ვხვდებით რა არის, რომ ვნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები მანიპულირებენ კონკრეტული საკითხებით, თუმცა რეალობას საზოგადოება ხედავს - იყო მძიმე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება. ამ ტელევიზიას მორალი ნამდვილად არ მოეთხოვება და ვფიქრობ, ამაზე არც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები ეს ადამიანები, რა არის მათი დღის წესრიგი და რით არიან დაკავებულები, ყოველდღიურად - სიცრუე, ტყუილი, შანტაჟი, ცილისწამება. თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, როგორც კი გენერალურმა ინსპექციამ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინვე მოხდა რეაგირება და კონკრეტული დამნაშავეები იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა კალაძემ. 

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს არ არის პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, 

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ფორმულას და ქართლის ამბების ჟურნალისტებმა გაავრცელეს ვიდეომასალა , სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე,სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს. ამ საქმეზე დაკავებულ 6 პოლიციელს, 29 მაისს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა