ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები არიან. მკვლელობას მხარეებს შორის დაწყებული დაპირისპირება უძღოდა წინ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ბრალდებული დააკავა.
გამოძიების თანახმად, წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებულმა ქალაქ ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღიც ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
