ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი, „ფუნდამენტური საკითხების“ (Fundamentals) კლასტერის გახსნაზე.
ეს კლასტერი მოიცავს კანონის უზენაესობასთან, მართლმსაჯულებასთან, ფუნდამენტურ უფლებებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან, საჯარო ადმინისტრირების რეფორმასთან, სახელმწიფო შესყიდვებთან, სტატისტიკასთან, ფინანსურ კონტროლსა და ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროცედურის მიხედვით, აღნიშნული კლასტერი გაწევრიანების პროცესში პირველი იხსნება და ყველაზე ბოლოს იხურება. მასში მიღწეული პროგრესი განსაზღვრავს მოლაპარაკებების საერთო ტემპს. ევროკავშირმა დაადგინა კონკრეტული შუალედური კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად და თავების დროებით დასახურად. ქვეყნების მიერ ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის მონიტორინგი მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში გაგრძელდება.
