logo
ENG



ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - უწყებისა და უფლებადამცველის პოზიციები

17 ივნ 202613:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/17/esnaj3z4pa2z7my.png

პარტია „დროას“ თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გაუარესდა, — ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მისმა ადვოკატმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადეს. უფლებადამცველის თქმით, ხოშტარია ამჟამად ყავარჯნით გადაადგილდება, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი და გადაადგილება უჭირს.

ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახური თურქი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებსა და მკურნალობის გეგმის შემუშავების მოთხოვნას ამ დრომდე უგულებელყოფს. ოპოზიციურ კოალიციებში მიიჩნევენ, რომ პატიმარი პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.

უწყების განმარტებით:ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს სამედიცინო სერვისით.

მისი დიაგნოზების აბსოლუტური უმეტესობა ქრონიკული დაავადებებია, რომლებიც დაწესებულებაში შემოსახლებამდე ჰქონდა დადგენილი და მათთვის პერიოდული გამწვავებაა დამახასიათებელი.

მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრისა და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.

ბოლო რევმატოლოგიური კონსულტაცია 2026 წლის 5 ივნისს ჩატარდა, რის შემდეგაც დაენიშნა მკურნალობა მოქმედი გაიდლაინების შესაბამისად. თუმცა, უწყების თქმით, მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია დღეს, 2026 წლის 17 ივნისსაა ჩანიშნული.

პენიტენციური სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შემოყვანის დღიდან ადვოკატის მხრიდან სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზია ან დამატებითი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა, ხოლო წარმოდგენილ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდა. უწყება მზაობას გამოთქვამს დამატებითი შეხვედრებისთვის და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. მისი თქმით, მმართველი პარტია პოლიტიკოსს უკანონო პატიმრობასთან ერთად ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლას უსჯის და ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანასა და გათავისუფლებას ითხოვს.

„ელენე არის ძალიან ცუდად. რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში.

მაგრამ დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლობოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.

დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისთვის და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის ეს უმძიმესი ვითარებაა.

ფაქტიურად, ელენეს ქართულმა ოცნებამ, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა. მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:

თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს! და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება“ — წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი ხოშტარიას მიმართ არსებულ მიდგომას „წარმოუდგენელ სისასტიკეს“ უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკოსს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით წარწერის გამო დააკავეს, ჯანმრთელობას საპატიმროში უნგრევენ. 

„ოთხი შვილის დედას, ქართველ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის, კალაძის ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის, უნგრევენ ჯანმრთელობას ივანიშვილის დილეგში.
მე განსაკუთრებით მაინტერესებს ელენე ხოშტარიას დღევანდელ მდგომარეობაზე ივანიშვილის ორი წარმომადგენლის-მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ელენე ხოშტარიასთან, მეტიც, მეგობრობდნენ მასთან. (სხვა საქოცეთში პორტირებულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ ორით შემოვიფარგლები)

რას ფიქრობთ, ელენეს შვილები არ იმსახურებენ ჯანმრთელ დედას და საკუთარ სახლში? თქვენი შვილები სად არიან? ევროპაში? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს? ღამე როგორ გძინავთ? როგორ აპირებთ ცხოვრების გაგძელებას რეჟიმის დასრულების შემდეგ?

რამდენი განსხვავებაც არ უნდა მქონდეს ელენესთან პოლიტიკური ბრძოლის გზებზე, წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია ის დღეს. საზოგადოება ამას არ უნდა შეეგუოს“ — წერს სოციალურ ქსელში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი


close დახურვა