logo
ENG



შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს

19 ივნ 202611:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/3ndvlbkgssg217e.png

შსს-ს თანახმად, თბილისსა და ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან საქართველოს, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.

გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში. 


close დახურვა