სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.
ლევან იოსელიანის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება, რის გამოც მათი გამოთხოვა და შესწავლა მხოლოდ პირის თანხმობით არის შესაძლებელი.
"ბევრი ადამიანი დაინტერესდა რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ, ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, შევისწავლო პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ რამდენადაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ თავად პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს და საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის, კერძოდ პოლიციელების მხრიდან დაზიანების მიყენების და იზოლატორში სრულად გაშიშვლების შესახებ, საჯაროდ გამოვეხმაურე აღნიშნულ ინფორმაციას და დავაფიქსირე პოზიცია, რომ მის მიმართ დაკავებისას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შევისწავლიდი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან მისი გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, თებერვალში პირადად ვიმყოფებოდი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრების მსგავსად შევხვდი და გავესაუბრე იქ განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელსა და ანასტასია ზინოვკინას. გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. მქონდა სურვილი, ასევე შევხვედროდი ელენე ხოშტარიას, თუმცა მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და განაცხადა, რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს რაც მისი უფლებაა.
აქვე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების, დაცვის მიზნით; მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით", - ვკითხულობთ ლევან იოსელიანის პოსტში.
