ევროკავშირის დელეგაცია სომხეთში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გადასცა, რათა ქვეყნის კერძო სექტორს დაეხმაროს რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გავლენის შემცირებაში.
დელეგაციის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან სულ რაღაც ორ კვირაში, ევროკავშირმა ოპერატიულად შეასრულა სომხეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის შესახებ აღებული ვალდებულებები.
"ეს ფინანსური დახმარება წარმოადგენს უფრო ფართო პაკეტის პირველ ტრანშს, რომელიც ფონ დერ ლაიენმა დააანონსა. პაკეტი ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას.
გასულ თვეში გამართული ევროკავშირი–სომხეთის სამიტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ბიზნესკავშირების გასაძლიერებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზრებზე წვდომის გასაფართოებლად. დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა იმ სექტორებს, რომლებიც სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალდნენ, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის, ყვავილების წარმოებისა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიების მიმართულებით. ეს მხარდაჭერა განხორციელდება სავაჭრო ინიციატივების, ბიზნეს-პარტნიორობის ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით.
ევროკავშირი–სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება, რათა კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.
"ევროკავშირი მტკიცედ დგას სომხეთის – სუვერენული, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნის – გვერდით. დღევანდელი მხარდაჭერა დაეხმარება ქვეყანას დაუყოვნებელი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში და ამავდროულად შექმნის ახალ შესაძლებლობებს სომხური ბიზნესისთვის, რათა ივაჭრონ რეგიონულ და ევროპულ ბაზრებზე. ეს არის ევროპული სოლიდარობის ნათელი მაგალითი", - თქვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს მარტა კოსი სომხეთს ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს დახმარების პაკეტის განხორციელებას და განიხილოს ევროკავშირისა და სომხეთის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები.
