city AM-ის ინფორმაციით, Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში მყოფ, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეარხზე "იმედზე" განთავსდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საკვებისა და სასმელების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა შეინარჩუნა კომერციული ურთიერთობა ქართულ მედიაკომპანია "იმედთან" მას შემდეგაც კი, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მას თებერვალში სანქციები დაუწესა და კრემლის მიკერძოებულ რუპორად გამოაცხადა.
city AM-ის ცნობით, Nestle-ში დაწყებულ გამოძიებას ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიან გეილი, ხოლო პროცესში მონაწილეობას იღებს ლონდონის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი მარკ მორის-ჯონსი.
"გვსურს დავადასტუროთ, რომ Nestle იცავს ყველა მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სანქციებს და ეს ეხება ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც", - თქვეს Nestle-ს წარმომადგენლებმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა გლობალურმა ბრენდმა, რომელსაც "იმედის" ტელევიზიასთან კავშირი ჰქონდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა თანამშრომლობა. მათ შორის იყო BBC, რომელმაც ტელეკომპანია "იმედს“ სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ლიცენზია მისცა, თუმცა შეთანხმება მომდევნო დღეს გააუქმა.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, "ტელეიმედსა" და "პოსტივის".
ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა "დეზინფორმაციას" უკრაინასთან დაკავშირებით.
"ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
