The Moscow Times-ს ინფორმაციით, უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ "ლუკოილის" ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
გამოცემის ცნობით, რუსეთში სიმძლავრით მეოთხე და ბენზინის წარმოებით მეორე უმსხვილესი "ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზის" [ნორსი] ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხუთშაბათს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა. დრონების შეტევისას ქარხანაში დაზიანდა პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი რომელიც საწარმოს სიმძლავრის დიდ ნაწილს უზრუნველყოფდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2 ივლისიდან "ნორსიმ" შეწყვიტა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რეალიზაცია სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე.
"ნორსი" გახდა მეხუთე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც წარმოება შეაჩერა.
16 ივნისს ნავთობის გადამუშავება შეწყვიტა მოსკოვის "გაზპრომ ნეფტის" ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომლის შეკეთება, Reuters-ის წყაროების თქმით, შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს.
12 ივნისიდან გაჩერებულია "ტატნეფტი".
10 ივნისს მუშაობა შეწყვიტა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, ხოლო 1 ივნისს - ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ.
მარტის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე სულ მცირე 50-ჯერ განახორციელეს შეტევა. Energy Intelligence-ის შეფასებით, ამის შედეგად ივნისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა წლიურ ჭრილში 25%-ით შემცირდა, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
