logo
ENG



რუსეთის თათრეთში მდებარე ნიჟნეკამსკის ნავთობქიმიური ქარხანა დრონებით იერიშის სამიზნე გახდა

08 ივლ 202612:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/08/t382xyl38yzne4k.jpeg

8 ივლისის ღამეს რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა, რასაც თან ახლდა ძლიერი კვამლი.

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალება Astra-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დრონებით განხორციელებულმა იერიშმა დააზიანა ნიჟნეკამსკის ნავთობქიმიური კომპლექსი „ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური ხანძარი, რომელიც მეზობელი ქალაქებიდანაც კი შესამჩნევი იყო. აღნიშნული საწარმო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ ობიექტს წარმოადგენს და სპეციალიზებულია სინთეტიკური კაუჩუკის წარმოებაზე, რაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ინციდენტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერჰი სტერნენკოც გამოეხმაურა და დაადასტურა „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის“ ობიექტზე დარტყმა.

ქალაქი ნიჟნეკამსკი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი დეტალებს არ აკონკრეტებს, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 8 ივლისს ზაკამსკის რეგიონში მასობრივი დრონებით თავდასხმის შედეგად ნიჟნეკამსკის რამდენიმე საწარმო დაზიანდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლიც.


close დახურვა