თბილისის ოცნების მერი კახა კალაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საწვავის გატანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან თანაცხოვრების მისაღწევად.
„ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია მომავალთან. ოპოზიციისგან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მესიჯები გვესმის. ეს ადამიანები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები, იმართებიან გარედან და წარმოადგენენ აგენტურას. ჩვენ კი ყოველთვის გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის — იქნება ეს სამედიცინო დახმარება, საწვავით ხელშეწყობა თუ ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენა“, — განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა დამთხვევა ის ფაქტი, რომ საწვავის გამტანი ბიზნესმენი თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან არველაძის ძმაა, მერმა უპასუხა, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.
„კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია. დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ბიზნესზე შეტევა და ტერორი წარსულს ჩაბარდა. მთავარია, ბიზნესსექტორის ქმედებები ჯდებოდეს მოქმედ კანონმდებლობაში“, — აღნიშნა თბილისის მერმა.
