18 აგვისტოს დილით, რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიგიზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა. უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა 10 საცხოვრებელი სახლი, კაფე, ფოსტის შენობა და მაღაზია.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ზელენსკის განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ხალხმრავალ გზაჯვარედინზე, სადაც სამოქალაქო ობიექტები — ფოსტა და მაღაზიები მდებარეობს, გარშემო კი მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის ყველა გარემოება დადგინდება, რუსეთის ამ იერიშს კი უკრაინული მხარე აუცილებლად უპასუხებს. მან პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ.
