"ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა.
ახალი დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
რაც შეეხება უშუალოდ შეტყობინება/უწყების ჩაბარების წესს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ წვევამდელისთვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
„თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება. პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.
თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
