საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა, რომელსაც თავადვე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
როგორც თავად ფარცხალაძემ განაცხადა, იგი უკვე არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანი და რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო. მისი თქმით, დანაყოფის დასახელება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება.
"სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს ისევ აღმართავენ რუსი და ქართველი. ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრე თანამოაზრეებმა ჩამოვაყალიბეთ ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი", - აღნიშნა ფარცხალაძემ.
ყოფილი გენერალური პროკურორის მტკიცებით, მისი და ახლადშექმნილი დანაყოფის მთავარი ამოცანა იმ "ბოროტებასთან ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა", რომელიც მსოფლიოს ემუქრება. ფარცხალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დაწყების დღიდან საკუთარ გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედროებს.
"დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში", - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.
