მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი 9-10 სექტემბერს გაიმართება.
"სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან". - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
