რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში მდებარე მონასტერი FPV ტიპის დრონით დაბომბეს, რის შედეგადაც 71 წლის მღვდელი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
დრონების თავდასხმის შედეგად კიდევ ოთხი სასულიერო პირი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ აფეთქებისა და ნამსხვრევებისგან მიღებული დაზიანებები აღენიშნებათ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმა 19 სექტემბერს განხორციელდა და დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, რუსეთმა ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 2 000-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 700 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გამოიყენა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
"უკრაინა მუდმივად ეძებს და პოულობს გზებს, რათა თავი დაიცვას და უპასუხოს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ამ თავდასხმებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც ეძებონ და იპოვონ გზები, რათა რუსეთმა საკუთარი ომის შედეგები იგრძნოს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, რათა "ძალის მეშვეობით მშვიდობის დამყარება" უზრუნველყონ.
"შეერთებულ შტატებს ამისთვის საჭირო შესაძლებლობები აქვს, ევროპასაც აქვს და G7-ის თითოეულ ქვეყანასაც. ჩვენ ახალი, ძლიერი ნაბიჯების იმედი გვაქვს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
