პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურად ხორციელდება. გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია.
ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტი დეკემბერში მოხდა, რა დროსაც ბადრაგის 9 თანამშრომელმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. გიორგის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, და მოითხოვს მის სასწრაფო გადაყვანას სხვა დაწესებულებიდან.
ავთანდილ დავითაძის განცხადებით, პატიმარს ცივ ზამთარში შეგნებულად უთიშავდნენ გამათბობელს და პულტს ჯიბეში იდებდნენ, რამაც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე შერყევა გამოიწვია.
„ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები... პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ“, — განაცხადა ავთანდილ დავითაძემ „ტვ პირველთან“.
პატიმრის ადვოკატის, ირმა ჯანუაშვილის თქმით, შესაბამისი უწყებები ინფორმირებულნი არიან და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ არ დაწყებულა. ადვოკატის განცხადებით, ამოღებულია საკნის ვიდეოჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ პატიმარი ბადრაგს წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა მოგვიანებით მასზე ძალადობა მაინც ხორციელდება.
